Friday, January 25, 2013

ჩემო პატარა მეგობრებო!


                                                    ჩემო პატარა მეგობრებო!
    ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ წიგნებთან ვიმეგობრებთ. შევთანხმდით, რომ ხშირად მოვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს და დისკუსიებს.  2012-2013 სასწავლო წელი ყველა თაობის საყვარელი მწერლის ნოდარ დუმბაძის წლად გამოვაცხადეთ. შევთანხმდით, რომ წავიკითხავთ მის რომანებს, მოთხრობებს, ნოველებს და წერილებს, ვნახავთ ქართულ ფილმებს და სპექტაკლებს, რომლებიც მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაიღეს და დადგეს. იმედი მაქვს  მზის სინათლით და სითბოთი გაჯერებული მისი შემოქმედება ნათელ კვალს დატოვებს თქვენს ცხოვრებაში და დარწმუნებული ვარ, მას ხშირად დაუბრუნდებით, რათა კვლავ აივსოს თქვენი სულები ულევი სიკეთით და სილამაზით.





               "ბაჯაღლო მზისგან დამწიფებული"
ნოდარ დუმბაძე მხოლოდ თავის თავს ჰგავდა. ამიტომ იყო მისთვის უცხო შურის გრძნობა. საკუთარ გულისცემას მიყურადებული, სიხარულისა და ბედნიერების წყაროს თავის თავში ეძიებდა და პოვებდა. ამიტომ მის ყველა ლიტერატურულ გმირს ნოდარის გული უცემს, მისი ჰაერით სუნთქავს იგი და მისი თვალებით უმზერს სამყაროს.
რაც უზენაესმა ნოდარს ერთი სიცოცხლისათვის უწილადა, მან უშურველად გაუყო ადამიანებს, სულიერი და მიწიერი ბედნიერებისათვის. შესაძლოა, ამით ბევრი დააკლო საკუთარ თავს ფიზიკურად, მაგრამ საზღაურად ყველაზე დიდი და შეუცვლელი ბედნიერება - მშობლიური ხალხის სიყვარული მოიპოვა. ცოტა მეგულება ადამიანი, ღმერთს ისევა უხვად დაეჯილდოებინოს სიყვარულისა და სიკეთის გაცემის ნიჭით, როგორც ნოდარი და ამავე დროს „დაესაჯოს“. იქნება ეს სიტყვა - „დაესაჯოს“ - არ ესადაგება ნოდარის სიცოცხლის მაგალითს, რომელიც მის მიერ აღმოჩენილი „მარადისობის კანონით“ დამკვიდრდა დროსა და სივრცეში მარადიულად და იქცა ერის სულიერი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
                                                                                                                     ელგუჯა ამაშუკელი
       
                                                     მე, ბებია, ილიკო და ილარიონი
„...მე ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი ვარ, წიგნების ჩანთაში ხილი, შურდული და ფიშტო მიწყვია. დაზამთრებამდე სკოლაში ფეხშიშველი დავდივარ. მაქვს ერთი შარვალი და ყოველ წელს ორი საშემოდგომო გამოცდა. რადგან ჩემი ძაღლი, მურადა, სულ თან დამყვება, სოფელში სულძაღლიანს მეძახიან, სკოლაში - ყალთაბანდს, ხოლო ბებია კუდიანს მეძახის. ჩემი ნამდვილი სახელი ზურიკოა.
          როდესაც ბებიას ვაბრაზებ, იმ ღამით საწნახელში მძინავს. როდესაც ვურიგდები, ერთად გვძინავს. დღისით ბებია მწყევლის და ზურგს უკან ამოფარებული წკეპლით მეპარება. ღამით ფეხებს მბანს და მკერდზე მკოცნის...“



                                                         მე ვხედავ მზეს

„ სად მიდიხარ შენ, ჩემი სოფლის შარაგზაო, და საით მიგყავს ჩემი სოფელი. გახსოვს? ერთ დღეს შენ წამართვი ყველაფერი, რაც გამაჩნდა ამ ქვეყანაზე. მე გთხოვე მაშინ, შარაგზაო, და შენ დამიბრუნე, რაც შეგეძლო, და მე მადლიერი ვარ შენი. ახლა დადგა დრო ჩვენც წაგვიყვანო - მე და ხატია, წაგვიყვანო და გვაჩვენო სად თავდები, და თუ სადმე თავდები, ჩვენ არ გაგათავებთ შენ. ვივლით ასე უსასრულოდ ხელიხელჩაკიდებული, შენ აღარ მოიტან ჩვენს ამბებს სოფელში სამკუთხა წერილებითა და ნაბეჭდი მისამართებით, ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ფეხით. პირს ვიზამთ აღმოსავლეთით, დავესწრებით ბაჯაღლო მზის ამოსვლას და მაშინ ხატია იტყვის ხმამაღლა:
          ეს მე ვარ, ხატია, ხალხო, მე გხედავთ თქვენ...“


ნუ გეშინია დედა

„უკანასკნელი ვარსკვლავი ჩაქრა. მამლებმა და ძაღლებმა შეთქმულებივით უცებ შეწყვიტეს ყივილი და ყეფა. ხეებმა სუნთქვა შეიკრეს. ზღვა ისე დადუმდა, თითქოს არ არსებობდა. მთებზე სქელი ნისლი გაფერმკრთალდა და ღამეს დაზაფრული კაცივით სიფითრემ გადაჰკრა. ყოველივე ეს რამდენიმე წამში მოხდა. მთელი სამყარო თითქოს აღმოსავლეთისაკენ შემობრუნდა და უნაგირა მთას მიაშტერდა რაღაცის მოლოდინში. საოცარია ეს სურათი და ჟამი, ვინც შესწრებია, ცაზე რომ უკანასკნელი ვარსკვლავი ქრება და მზე რომ ჯერ არ ამოსულა, დედამიწა ობოლს ჰგავს, უპატრონოს...“

 
თეთრი ბაირაღები

ღამე მე ისევ მზე მეახლა, სხივი ჩამაბა წელზე ოქროს ბაწარივით და თავისკენ მიმიზიდა. რაც უფრო ვუახლოვდებოდი მზეს, იგი სულ უფრო გრილი ხდებოდა, სულ უფრო გრილი. როდესაც მივუახლოვდი და ხელი შევახე, მან არ დამწვა მე, ჩვენ ერთად შევუდექით ვეებერთელა აღმართს - მე და მზე, წინ - მზე და მე - უკან. ჩვენ ავედით სულ მაღლა, თოვლიან მწვერვალზე, ისე მაღლა, ისე მაღლა, როგორც არავინ, და მზე ვეღარ ადნობდა მარადიულ თოვლს.
-ეს არის ჯომოლუნგმა! - თქვა მზემ, თეთრი ბაირაღი მომაწოდა და ჩემ გვერდით დადგა. მე გავშალე ბაირაღი, მაღლა აღვმართე და ავხედე. ქვეყნიერების თავზე თოვლივით თეთრი ბაირაღი ფრიალებდა, როგორც სიკეთის, სათნოებისა და სიყვარულის სიმბოლო.          ერთი ვეებერთელა და უსპეტაკესი, თეთრი ბაირაღი ფრიალებდა ქვეყნიერების თავზე! 


მარადისობის კანონი

Post Comment