პროექტი - ჩვენი დღიურები
ჩვენი ისტორიაა
1.
ჩვენი დღიურები
ლეილა ჯანაშვილი
გორის # 2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი
ოქტომბერი
შაბათი, 1 ოქტომბერი
მიყვარს შაბათი, ხუთდღიანი „მარათონის“ შემდეგ სულის მოთქმის საშუალება მეძლევა. თუმცა ვერ ვახერხებ ამ დღეს მაინც გავექცე ყოველდღიურ რუტინას და მართლაც საინტერესოდ, სასიამოვნოდ გავატარო იგი. მაინც როგორ? მაგალითად ოჯახის წევრებთან ერთად გავიდე ქალაქგარეთ, ან თეატრში წავიდეთ, ან საინტერესო გამოფენას თუ ღონისძიებას დავესწროთ... რას „ვახერხებ?“ ვახერხებ ქალაქში გავისეირნო, მეგობრები მოვიკითხო ტელეფონით, დიდი ხნის წინ წაკითხული და მონატრებული წიგნები გადავშალო და რამდენიმე ფურცელი გადავიკითხო, მერე დავხურო და კიდევ ერთხელ გაურკვეველი მისამართით „დავიმუქრო:“ - გავიდე პენსიაზე, სულ წიგნები უნდა ვიკითხო, ჰო, არ დამავიწყდეს, ფორტეპიანოზე დაკვრაც მაშინ უნდა ვისწავლო.
დღეს ტოლსტოის დღე მქონდა, „ომი და მშვიდობა“ „გადავშალე“, რას ვეძებდი? უპირველესად იმ ლამაზ ურთიერთობებს, მხოლოდ წიგნებშიღა რომ შემორჩათ ადამიანებს. რა ვიპოვე? აი ეს: „ სიცოცხლე ყველაფერია, სიცოცხლე ღმერთია... უნდა გიყვარდეს სიცოცხლე, გიყვარდეს ღმერთი. ყველაზე ძნელი და ნეტარია გიყვარდეს ეს სიცოცხლე შენს ტანჯვაში, ტანჯვის უდანაშაულობაში.“
ცივა, ზამთარს შეშურდება,ისე ცივა. დიდი ელდარი და პატარა ელდარი ჭადრაკს თამაშობენ. პატარა ეხვეწება მაგ ფიგურით არ ითამაშოო, როგორც ყოველთვის დიდი ელდარი არ მიდის დათმობაზე და კი არ ამარცხებს მოწინააღმდეგეს, არამედ ანადგურებს. საღამოს ალბათ ტელევიზორს ჩავრთავთ და დაიწყება პულტზე „ნადირობა.