ხვალ
ახალი სასწავლო წელი იწყება. ეს დღე ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულია, ყოველთვის
სადღესასწაულოა. ასე იყო სკოლაში სწავლის პერიოდში, შემდეგ უმაღლესშიც და კვლავ სკოლაში,
მასწავლებლის ამპლუაში უკვე. მიყვარს მოსწავლეებით სავსე სკოლები, ქუჩები, კაფეები,
სკვერები. მიყვარს მათი დასვენებული, ნამზეური, ნათელი და ხალისიანი სახეები, მათი
ჟივილ–ხივილი.
დარწმუნებული
ვარ, თითოეული მოსწავლე გეგმავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან კარგად ისწავლოს, არა მხოლოდ
იმიტომ, რომ მშობლები გაახაროს, არამედ უპირველესად იმოტომ, რომ კარგად აქვს გაცნობიერებული
სწავლის მნიშვნელობა და ცოდნის ძალა მისი მომავლისათვის. მაგრამ მიუხედავად ამისა,
მაინც უჭირთ ამ დიდებული სურვილის განხორციელება. ამ საკითხზე საუბარი ძალიან შორს
წაგვიყვანს, თუმცა ვთვლი, რომ ერთ–ერთი იმ საკითხთაგანია, რომელზეც ძალიან ბევრი უნდა
ვისაუბროთ და ვიკვლიოთ მიზეზები.
ახალი
სასწავლო წლიდან სამ უცხო კლასთან მომიწევს ურთიერთობა, ერთ–ერთი კი, VIII3 ჩემი სადამრიგებლო კლასი იქნება. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ დამრიგებლობა იმდენად დიდი პასუხისმგებლობა
და ისეთი შრომატევადია, ცალკე პროფესიად უნდა გამოიყოს სკოლებში. მხოლოდ ამ შემთხვევაში
იქნება შესაძლებელი ჩაწვდე თითოეული მოსწავლის სულიერ სამყაროს, გახდე მოზიარე მისი
ტკივილის თუ სიხარულის,მისცე დროული, კვალიფიციური და სასარგებლო რჩევები.
მათთან ერთად
დაგეგმო და განახორციელო მრავალი საინტერესო და შემეცნებით–გასართობი ღონისძიება. იყო
მათ გვერდით ყოველთვის, როცა მათ სჭირდები.... ამის რეალური შედეგი კი იქნება ის, რომ
გაუცხოებული და უფერული ადამიანური ურთიერთობები ძალას მოიკრებს, დუმბაძის თქმისა არ იყოს:“... ვიდრე ცოცხლები ვართ,
ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ
– ჩემი, მე – სხვისი, სხვამ – სხვისი და ასე დაუსაბამოდ...“
რეალობის გათვალისწინებით კი მე მათ ისტორიაც
უნდა ვასწავლო და დამრიგებლის ეს უდაოდ რთული მისიაც შევასრულო. რთულია, მაგრამ არა
შეუძლებელი, რადგან როგორც ლევ ტოლსტოი ამბობდა: „აღზრდა და განათლება განუყრელია.
შეუძლებელია აღზარდო ისე, რომ ცოდნა არ გადასცე, ყოველგვარ ცოდნას კი აღმზრდელობითი
გავლენა აქვს“. მთავარი კი მაინც ურთიერთპატივისცემა, ნდობა და სიყვარულია. მე მზად
ვარ, და თქვენ?