Monday, June 17, 2013

პირველი ივნისი – ექსკურსია ბოდბე-სიღნაღი


          ექსკურსია: ბოდბე-სიღნაღი     
           2013 წლის  1 ივნისს მოსწავლეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ვიყავით ექსკურსიაზე მარშრუტით: გორი-ბოდბე-სიღნაღი-გორი. მოვინახულეთ წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი და საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში. გადმოცემის თანახმად, ტაძარი აგებულია ქართველთა განმანათლებლის წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილზე. წარწერის მიხედვით, XIX საუკუნის 20-იან წლებში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ და მოუხატავთ სიღნაღისა და ქიზიყის მიტროპოლიტის იოანე მაყაშვილის თაოსნობით.      
      დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე ქალაქ სიღნაღის მონახულებამ. სიღნაღი ამჟამად საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომლის მომხიბვლელობას განაპირობებს, როგორც მისი დროთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ხუროთმოძღვრული სახე, ისევე ბუნებრივი მდებარეობა: ქალაქი განლაგებულია მაღალბორცვიან ადგილას და გადაჰყურებს ალაზნის ველის გაშლილ სივრცესა და კავკასიონის ქედებს.     
     სიღნაღი ქალაქად ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის მიწურულს ერეკლე მეორის მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო.დღეს სიღნაღს ხშირად ქალაქ-მუზეუმსაც უწოდებენ.  2007 წელს ქალაქს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, გაიხსნა მუზეუმი და სასტუმროები.მას სიყვარულის ქალაქსაც უწოდებენ... ჩვენ ფირზე აღვბეჭდეთ წყვილი, რომელიც სწორედ იმ დღეს შეუღლდა. ეს ექსკურსია ჩემთვის, როგორც კლასის დამრიგებლისთვის, იმითაც იყო გამორჩეული, რომ კლასი მთელი შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.




Post Comment