Sunday, January 20, 2013

ჩემო პატარა მეგობრებო!


       ჩემო პატარა მეგობრებო!
         ჩემი ბლოგის მეშვეობით ყველას მოგესალმებით. ხვალ იწყება მეორე სემესტრი. მახარებს თქვენთან შეხვედრა და  მინდა ამ პატარა წერილით განვაახლო ჩვენი ურთიერთობა.  ჩემი მოსწავლეობის პერიოდიდან მახსოვს, ყოველი ახალი სასწავლო წლის თუ ახალი სემესტრის დასაწყისში (მითუმეტეს თუ ეს ახალ წელსაც ემთხვეოდა), დარწმუნებული ვიყავი, რომ  უკეთესად ვისწავლიდი, უკეთ დავგეგმავდი და განვახორციელებდი ჩემს მომავალს... ვიცი, თქვენც ამ განწყობით და შემართებით იწყებთ ახალ სასწავლო სემესტრს. მე ისიც ვიცი, რა ძნელია დასახული მიზნების განხორციელება, თუმცა კვლავ შეგახსენებთ ა. მაკედონელის სიტყვებს: „არაფერია მიუღწეველი მისთვის, ვინც ცდილობს“. დიახ, მთელი ჩვენი ცივილიზაცია იმის დასტურია, რომ ადამიანისათვის მიუღწეველი არაფერია, ოღონდ გახსოვდეთ, დიდი ნებისყოფა, ცოდნა და შრომაა წარმატების საწინდარი. თქვენს ასაკში ე. წ. „აუღებელი ციხე-სიმაგრე“ ნებისყოფაა. იცით, რომ უნდა დასხდეთ და იმეცადინოთ, მაგრამ ვერ ახერხებთ იმიტომ, რომ ათასი საცთურია გარშემო (ყველაზე დიდი-კომპიუტერი)... თანაც სწავლის პროცესი არც თუ სახალისო და მარტივია... დრო კი გარბის, არ გელოდებათ, არ გაძლევთ საშუალებას „დაკარგული დრო“ დაიბრუნოთ და გასაკეთებელი გააკეთოთ, სასწავლი ისწავლოთ... დრო გარბის... თქვენ კი თქვენი ნებისყოფის მოთვინიერებაც ვერ შეძელით... ჩემო მეგობრებო, მინდა მიმდინარე სემესტრში უპირველესად სწორედ თქვენს ნებისყოფაზე, მის სიმტკიცეზე იზრუნოთ, მერწმუნეთ ეს იქნება პირველი სერიოზული ნაბიჯი თქვენი წარმატებული მომავლისაკენ. წერილს კი ონორე დე ბალზაკის სიტყვებით დავამთავრებ:

„არ არსებობს დიდი ნიჭი დიდი ნებისყოფის გარეშე. ეს ორი ტყუპი ძალა აუცილებელია დიდების უზარმაზარი შენობის ასაგებად... ნებისყოფა შეიძლება და უნდა იყოს სიამაყის საგანი უფრო მეტად, ვიდრე ნიჭი.
               
       ...მტკიცე ნებისყოფა მუდმივი გამარჯვებაა ინსტიქტებზე, მიდრეკილებებზე, რომელთაც ნებისყოფა ალაგმავს და თრგუნავს, გამარჯვებაა ჟინიანობასა და დაბრკოლებებზე, რომელთაც იგი ძლევს, გამარჯვებაა ყოველგვარ სიძნელეზე, რომელთაც იგი გმირულად გადალახავს.“
                     

Post Comment